პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და მისი დაძლევის გზები
Main Article Content
ანოტაცია
პანდემიამ უდიდესი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეზე, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზეც. მსოფლიო მთავრობები ეძებენ გამოსავალს რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან.
პანდემია არის გლობალური გამოწვევა, სადაც საქართველო არ შეიძლება იყოს გამონაკლისი. საქართველოს ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო აღმოჩნდა ძლიერი დარტყმის ქვეშ და ღრმა შოკში ჩააგდო. მან დიდი ზიანი მიაყენა როგორც მთლიანად ეკონომიკას, ისე ადმიანათა კეთილდღეობას. 2020 წლის აპრილში მკაცრი ლოკდაუნის ფონზე, ქვეყნის რეალური მშპ 2019 წლის აპრილთან შედარებით 16,6% -ით დაეცა.
დღევანდელ ვითარებაში საქართველოს მხოლოდ საგარეო სესხების მიღება შეუძლია. გარე დახმარების საერთო მოცულობამ შეადგინა 3 მილიარდი აშშ დოლარი. მხოლოდ 2020 წელს დაახლოებით 3.5 მილიარდი ლარი დაიხარჯა ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე. ანტიკრიზისული ზომები ითვალისწინებდა ბიზნესის მიზნობრივ დახმარებას. უპირველეს ყოვლისა, თანხები დაიხარჯა დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებაზე.
2020 წლის ბოლოს, საქართველომ მიიღო 2021 წლის განახლებული ბიუჯეტი. ის შედგენილია მშპ-ს 4%- იანი ზრდის გათვალისწინებით, ინფლაციის მაჩვენებელი 3.5%-ით და ბიუჯეტის დეფიციტი 7.6%-ით. ამავე დროს, შემოსავლების ნაწილი წინა წელთან შედარებით შემცირდა 1.6 მილიარდი ლარით, ხოლო ხარჯების პირიქით, გაიზარდა 2.4 მილიარდი ლარით. დეფიციტის დაფარვა დაიგეგმა გარე და შიდა სესხებით 5,3 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორის ახალი ევროობლიგაციების გამოშვებით 2021 წელს.
კრიზისის ფონზე, უცხოეთიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ახალი ანტირეკორდი დაამყარა და შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.
საქართველოს რეალური მშპ 2021 წლის პირველ ექვს თვეში გაიზარდა 12.7%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამას ხელი შეუწყო ფულადი გზავნილების ზრდამ, საქონლის ექსპორტმა და ტურისტების თანდათანობით დაბრუნებამ. ასევე, ოფიციალური კრედიტორების მხარდაჭერამ გაზარდა გარე ბუფერები. Fitch-ის სარეიტინგო სცენარის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 7.8%-მდე გაიზრდება, რაც 3.5 პროცენტული პუნქტით მეტია ვიდრე სააგენტოს წინა კვლევაში.
თუმცა, საქსტატის იგივე მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ჯერ არ მოჰყოლია მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდა. ჯერ კიდევ საქართველოში მოსახლეობის 21,3% რჩება აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა, უმუშევრობამ კი ბოლო წლებში რეკორდულ მაჩვენებელს, 21,9%-ს მიაღწია, ხოლო ინფლაციამ 7,2%- ს.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პირდაპირ გავლენას მოსახლეობის კეთილდღეობაზე, დღეს მაღალი ინფლაცია შეიძლება გახდეს მძიმე ტვირთი მოსახლეობისთვის და მისი უარყოფითი შედეგები უფრო ხელშესახებია ვიდრე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს ინკლუზიური.
ძნელია საუბარი ეკონომიკურ აღდგენაზე მოქალაქეების საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებამდე, ვინაიდან ეპიდემიის ახალი აფეთქების ალბათობა მაღალია.