ქართული საზოგადოებრივი ცნობიერება და covid-საინფორმაციო ველი
Main Article Content
ანოტაცია
იმანუელ კანტი 1784 წელს სტატიაში - „რა არის განმანათლებლობა“ - წერს: “განმანათლებლობა – ესაა ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან, რომელიც მისივე ბრალია. უმწიფრობა არის უუნარობა, საკუთარი განსჯა სხვისი ხელმძღვანელობის გარეშე მოიხმარო. უმწიფრობა საკუთარი თავის ბრალია მაშინ, როცა მისი მიზეზი განსჯის ნაკლულობაში კი არა, გადაწყვეტილებისა და სიმამაცის არქონაში ძევს. Sapere Aude! გაბედე საკუთარი განსჯის გამოყენება! – ესაა განმანათლებლობის ლოზუნგი”. იმანუელ კანტს ამ სტატიაში შემოაქვს „უმწიფრობის“ ცნება, რომლითაც ახასიათებს მასობრივად თავის ეპოქაში საზოგადოებაში არსებულ ინდივიდებს. „უმწიფრობის“ შესატყვისი გერმანული ტერმინი unmündig მოდის სიტყვიდან Mund (პირი) და გულისხმობს ადამიანს, რომელსაც საკუთარი სახელით ლაპარაკი არ შეუძლია. კანტი ხაზს უსვამს, რომ უმწიფრობა მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც მისი მიზეზი „განსჯის ნაკლულობაში“, ანუ ლოგიკური აზროვნების წარმართვის უუნარობაში, ან განათლების უქონლობაში კი არაა, არამედ გადაწყვეტილების მიღების უუნარობაში და „სიმამაცის“ არქონაში. შემდგომ აბზაცში იგი აზუსტებს - „სიზარმაცე და სილაჩრე – ესაა მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანთა დიდი ნაწილი, მას შემდეგ, რაც ბუნებამ ისინი კარგა ხნის წინ გაათავისუფლა უცხო ხელმძღვანელობისგან, მიუხედევად ამისა, მთელი ცხოვრება უმწიფრად რჩება.“ ანუ „უმწიფრობა“ კანტისათვის არის პიროვნული თვისება და არა ინტელექტუალური, არავითარ კავშირში იგი არაა თეორიულ (IQ) ან ემოციურ (EQ) ინტელექტთან - ეს არის ადამიანის უუნარობა მიიღოს გადაწყვეტილება და დაიწყოს, გაბედოს დამოუკიდებლად აზროვნება, რომელსაც ახლავს შიშის და სიზარმაცის დაძლევა, რისკი და შრომა. უმწიფარი ადამიანი ყოველთვის ვიღაცის ხელმძღვანელობით ცხოვრობს, ფიქრობს, იღებს გადაწყვეტილებებს. მათ კანტი „მეურვეებს“ უწოდებს. „მეურვე“ გერმანულად არის Vormünder, ანუ ის, ვინც სხვის მაგივრად, სხვისი სახელით ლაპარაკობს. „და რომელთა გამოც ამ ადამიანთა მეურვეებად ადვილად იქცევიან ხოლმე სხვები. უმწიფრობაში ყოფნა ძალზე კომფორტულია. თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის, მოძღვარი, რომელიც სინდისის მაგივრობას გამიწევს, ექიმი, რომელიც დიეტას ჩემს მაგივრად განსაზღვრავს და ა. შ. – მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ მჭირდება. არ მჭირდება აზროვნება, თუ შემიძლია ფულის გადახდა – სხვები ჩემს მაგივრად შეასრულებენ მოსაბეზრებელ სამუშაოს. მეურვეები, რომლებმაც ასე კეთილად აიღეს საკუთარ თავზე ზედამხედველობის საქმე, იმაზე ზრუნავენ, რომ ადამიანთა უდიდესმა ნაწილმა (მათ შორის მთელმა მშვენიერმა სქესმა) ეს რთული ნაბიჯი სიმწიფისკენ საშიშადაც ჩათვალოს. მას შემდეგ, რაც მეურვეებმა საკუთარ შინაურ პირუტყვს ჯერ ჭკუა გამოაცალეს და საგულდაგულოდ უზრუნველყვეს, რომ ეს მშვიდი არსებანი ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამენ საბავშვო ეტლის გარეშე, რომელშიც ჩაკეტილები არიან – ყოველივე ამის შემდეგ ისინი მათ საფრთხეს აჩვენებენ, რომელიც ემუქრებათ, თუ მარტო გავლას შეეცდებიან. არადა, ეს საფრთხე ასე დიდი სულაც არ არის, რადგან რამდენიმე დაცემით ისინი, საბოლოო ჯამში, სიარულს ისწავლიდნენ. მაგრამ ამ სახის მაგალითი გაუბედავობას იწვევს და ადამიანებს, ჩვეულებრივ, შიშის გამო სხვა მცდელობებზე ხელს აღებინებს“ - წერს ი.კანტი სტატიაში. ასე ყალიბდება ცხოვრების მანძილზე უმწიფარი ადამიანი, რომელიც უკვე ეჩვევა ასე ცხოვრებას და უმწიფარი საზოგადოება, რომელიც შედგება უმრავლესად ასეთი ინდივიდებისაგან. სტატიაში ვკითხულობთ - „ასე რომ, ყოველი ცალკეული ადამიანისთვის რთულია, გამოაღწიოს მისთვის ლამის უკვე ბუნებად ქცეული უმწიფრობისგან. მან ეს მდგომარეობა თითქმის უკვე შეიყვარა და თავიდან მართლაც არ ძალუძს საკუთარი განსჯის მოხმარება, რადგან მისთვის არასოდეს მიუციათ ამისი ცდის შესაძლებლობა“.